,,ტყე შეუნახე შვილებსა"
ჩვენს წინაპრებს ესმოდათ ბუნებისა და ადამიანის ერთიანობა, გრძნობდნენ ბუნების სულსა და მასში ღვთის განსახოვნებას. ბუნება ასაზრდოვებდა და იცავდა მათ. ჯანმრთელობის ყველაზე საუკეთესო წამალიც ბუნებაა. ბუნებასთან სიახლოვე გამოიხატა ენაშიც, როდესაც სულიერი მოვლენის სიმბოლოდ, ბუნების გარკვეულ მოვლენებს ვიყენებთ მაგალითად: ,,მუხა - გამძლეობა და სიმტკიცე“, ,,კლდე - მტკიცე ხასიათი“, მელა - გაიძვერობა“, ,,სინაზე - ყვავილები“, ,,კრავი - უმანკოება“ და ა.შ.
ბუნება ცოცხალი, ნებიანი და ფორმით დიდებულია. ამასთანავე საოცრად მშვენიერიც. მისი სილამაზე ყოველთვის აღაფრთოვანებდა ადამიანს. სტივენ ფრაის მოსაზრებაც მხარს უჭერს ბუნების სილამაზეს. იგი წერს: ,, თუ ირგვლივ მიმოვიხედავთ ნებისმიერი სიუშნოვე ჩვენს ირგვლივ, ადამიანის ხელით არის შექმნილი.“
დროის დინებასთან ერთად ადამიანსა და ბუნებას შორის არსებული ჰარმონია დაირღვა. ადამიანმა დაიწყო მისი გარდაქმნა: დაიწყო წიაღისეულის მოპოვება, დააბინძურა ჰაერი, წყალი, ნიადაგი. გაჩეხა და გაანადგურა ტყეები. ამ პროცესებმა მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა.
როდესაც ბუნებას ვეხებით, საჭიროა დავიცვათ გარკვეული კანონზომიერება. ასე უნდა ხდებოდეს ხეების მოჭრის დროსაც, რათა არ განადგურდეს ტყის მასივები, თავიდან ავიცილოთ ტყეების გაჩეხვის შემდგომი, უარყოფითი პროცესები და არც ბუნებას წავართვათ სიცოცხლე.
საქართველოს ტყე ევროპა-აზიაში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს. თანაც აქ გვხვდება უნიკალური ხის ჯიშები. ქვეყნის ტერიტორიის 40% ტყითაა დაფარული, ამის 90% კი ფერდობებზეა განლაგებული, რაც თავისთავად ტყეების მასობრივ გაკაფვასთან ერთად ღვარცოფებს, მეწყერებსა და ნიადაგის დეგრადაციას იწვევს. გარდა ამისა, ტყეების გაკაფვის შედეგად, მიმდინარეობს ეკოსისტემების რღვევა, სუფთა ჰაერის შემცირება, გლობალური დათბობა, ქარსაცავი ზოლების განადგურება და სტიქიური კატასტროფების მატება.
No comments:
Post a Comment